logo
ENG



"რუსული ოცნების პირობებში სტატუსს ვერ მივიღებთ" - მელია ოცნებიდან წასულების განცხადებაზე

16 აგვ 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
"რუსული ოცნების პირობებში სტატუსს ვერ მივიღებთ" - მელია ოცნებიდან წასულების განცხადებაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ანტიამერიკულ წერილს ეხმაურება.

მელიას თქმით, განცხადება ადასტურებს, რომ "რუსული ოცნების მმართველობის პირობებში EU-ის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე კი ოცნებაც არ ღირს".

"რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა.

სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ.

რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:

1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის - რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას;

2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;

3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;

4. განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.

5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს", - წერს მელია. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული წერილი გაავრცელეს

ისინი აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ "უხეშ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში" ადანაშაულებენ. 


close დახურვა